X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

მაია ცქიტიშვილმა ქუთაისში იმერეთის რწმუნებულ-გუბერნატორი წარადგინა

22 ივლისი 2019

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში რეგიონული მართვის მიმართულების ხელმძღვანელ სოზარ სუბართან ერთად, დღეს იმერეთის მუნიციპალიტეტების მერებს,  საკრებულოების თავმჯდომარეებსა და ქუთაისის მერიის თანამშრომლებს იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორი ზვიად შალამბერიძე წარუდგინა.

„იმერეთი ყველაზე დიდი რეგიონია და შესაბამისად, ყველაზე მეტ ინფრასტრუქტურულ პროექტს თვითმმართველობები აქ ახორციელებენ. წელს იმერეთის 12 მუნიციპალიტეტში, მხოლოდ რეგიონული პროექტების ფონდიდან,  დაახლოებით 55 მილიონი ლარის  პროექტებზე მუშაობენ. ამ პროექტების შესრულების  ტემპისა და  ხარისხის კონტროლი მუნიციპალიტეტებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია. ინფრასტრუქტურული პროექტები რეგიონული განვითარების დღის წესრიგის მხოლოდ ნაწილია. ეს მიმართულება მოიცავს პირველ რიგში ეკონომიკურ განვითარებას, ჩვენი მოქალაქეების შემოსავლების ზრდას და იმ პოტენციალის ათვისებას, რომელიც ყველა რეგიონს აქვს. ასევე მნიშვნელოვანია ახალი საწარმოების შექმნა, ბიზნესის, ტურიზმის განვითარება, ეკოლოგიური პრობლემების გადაწყვეტა და იმ ფუნქციის დაბრუნება, რომელიც იმერეთის ქალაქებს ჰქონდა. არსებული პრობლემების სწრაფად მოგვარებისთვის აუცილებელია, რომ სახელმწიფო რწმუნებული და მისი ადმინისტრაცია იყოს ძალიან ეფექტიანი, რათა თვითმმართველობასა და ცენტრალურ ხელისუფლებას შორის საუკეთესო კოორდინაცია უზრუნველყოს,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

ზვიად შალამბერიძე ბოლო 4 თვის განმავლობაში იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე იყო, ბოლო სამი თვე კი, მას შემდეგ რაც შავლეგო ტაბატაძემ თანამდებობა დატოვა, რწმუნებულის მოვალეობას ასრულებდა. 

იგი ადმინისტრაციაში კურირებდა: ადგილობრივ თვითმმართველობების ორგანოებთან  და მოქალაქეებთან ურთიერთობის საკითხებს, ტრანსპორტის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის, სამხედრო აღრიცხვაზე აყვანისა და სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის სფეროებს. ასევე, საკურატორო სფეროში შედიოდა ადმინისტრაციის სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ქონებრივი საკითხები.

ზვიად შალამბერიძე მანამდე შპს ,,ფრეგო“–ს დასავლეთ საქართველოს რეგიონული მენეჯერი იყო. ასევე, სს ,,დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაო“–ში, სს ,,ჯი პი აი ჰოლდინგ“–ში  მუშაობდა ხელმძღვანელ პოზიციებზე. გარდა ამისა, იგი იყო ფინანსური ანალიტიკოსი  გაეროს განვითარების პროგრამის ,,საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის შესაძლებლობათა ზრდა“.